ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ეს დანაკარგი სრულიად საქართველომ მიიტანა გულთან

24/10/2016

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი რიგითი აკოპ მალხასიანი მშობლიურ მხარეში დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილი სამხედროს ოჯახისა და ახლობლებისთვის სამძიმრის გამოსახატად დაბა ნინოწმინდაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩავიდნენ. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე და რიგით მალხასიანის თანამებრძოლები.
როგორც დაკრძალვაზე ლევან იზორიამ აღნიშნა, ეს დანაკარგი სრულიად საქართველომ მიიტანა გულთან: „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. დიდ მწუხარებას გამოვხატავ აკოპ მალხასიანის გარდაცვალების ფაქტის გამო. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დიდი ტკივილი ოჯახს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ აკოპმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა, ყოფილიყო საქართველოს, თავის სამშობლოს სამსახურში. ორი კვირა იყო დარჩენილი სავალდებულო სამსახურის დასრულებამდე. ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ყოველთვის მისი ოჯახის გვერდით ვიქნებით“.
რიგითი აკოპ მალხასიანი დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 ოქტომბერს დაიღუპა. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 2015 წლის ნოემბრის თვიდან გადიოდა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ქვედანაყოფში ირიცხებოდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად ფარავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0