ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი მივაგოთ ყველა იმ გმირს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი

13/03/2024

საქართველოს ეროვნულ გმირს ზურაბ იარაჯულს 12 მარტს 53 წელი შეუსრულდებოდა. თარიღთან დაკავშირებით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის კურთხევით, თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა ზურაბ იარაჯულის საფლავზე მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს სოფელ ზარიძეებშიც, სადაც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილეებთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იარაჯულის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი მივაგოთ ყველა იმ გმირს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი. სწორედ ასეთი იყო ზურაბ იარაჯული. მან ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა და სამშობლოს ღირსების დასაცავად ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმო. ის არის პატრიოტიზმის, თავდადების, ერთგულების, შეუპოვრობისა და სიმამაცის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდოს.“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.

გმირულად გარდაცვლილი მფრინავის ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს მისმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა, თანასოფლელებმა და თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ. თარიღთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, თემატური საღამო გაიმართა თიანეთის კულტურის სახლშიც. ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, სასულიერო პირები და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. სამხედრო მფრინავს 2013 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0