ჩვენ ვიყავით მუდმივი კომპრომისის ძიების რეჟიმში და სწორედ ამ რეჟიმში იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბლოკების შენარჩუნების თაობაზე

23/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკებისთვის მონაწილეობის ერთჯერადად მინიჭების გადაწყვეტილება კომპრომისის შედეგად იქნა მიღებული.
შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მედიას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გააცნო.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ბლოკის ინსტიტუტის შენარჩუნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა, ბლოკების შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილება კომპრომისის რეჟიმში იქნა მიღებული.
„ჩვენ მუდმივად ვიყავით დიალოგისა და კონსენსუსის ძიების რეჟიმში. კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, ჩემი აზრიც არის და მმართველი გუნდის უმრავლესობა ამას იზიარებს – არ არის მიზანშეწონილი ბლოკის ინსტიტუტის შენარჩუნება. დღევანდელ პრაქტიკასაც შეგვიძლია გადავხედოთ. დღეს დარეგისტრირდა სულ რამდენიმე ბლოკი, რომელთაგან ყველა, პრაქტიკულად, ფიქტიურია. არის ერთი ბლოკი შექმნილი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ, რომელიც აერთიანებს ორ ერთკაციან პარტიას და არის მეორე საარჩევნო ბლოკი რომელიც აერთიანებს კიდევ ერთ პარტიას, რომელიც ორი თვის წინ არის დაფუძნებული და რომლის სახელიც კი არავინ იცის და სამი პარტია მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას, რომლის ოდენობა გასცდება მილიონ ლარს. ე.ი. გადასახადების გადამხდელები გადაიხდიან მილიონ ლარზე მეტს, ყოველწლიურად, ფიქტიური პარტიების სასარგებლოდ. ეს არის სიმახინჯე. ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი იყო ამის გაუქმება უკვე შემდეგი არჩევნებისთვის, თუმცა ვიყავით მუდმივი კომპრომისის ძიების რეჟიმში და სწორედ ამ რეჟიმში იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბლოკების შენარჩუნების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0