ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და საერთაშორისო მექანიზმს იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალი დონის შეხვედრების დღის წესრიგში იდგეს

19/07/2017

სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის თემის განხილვას დაეთმო პარლამენტის თბილისის სასახლეში მიმდინარე ამბასადორიალის ერთ-ერთი სესია, რომელზეც მოხსენებებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძე, სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე წარსდგნენ.
მომხსენებლებმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და შერიგების პოლიტიკის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოსვლის დასაწყისში, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში საკანონმდებლო ორგანოს როლის მნიშვნელობა აღნიშნა და ამბასადორიალის პარლამენტში გამართვის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა.
სოფიო ქაცარავა: „მიუხედავად ასეთი დაბალანსებული პოლიტიკისა, სამწუხაროდ, ვხედავთ რომ რუსეთის აგრესია გრძელდება და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი კვლავაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. რუსეთის მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აგრესიული ჩარევა გრძელდება, რაც ცალსახად მიუღებელია. სწორედ ასეთ ფონზე, როდესაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს და აგრესიას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მხარდაჭერას. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგი, რასაც ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრებზე ვისმენთ. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული, სადაც საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები აისახა. ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და მექანიზმს იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და დეოკუპაციის თემა მაღალ დონეზე იყოს წამოწეული, ეს კი როგორც საპარლამენტო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0