ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე ვიმყოფებით ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით

31/01/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის (DG-NEAR) ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

„ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე ვიმყოფებით ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. შეხვედრაზე განიხილება ის საკითხები, ინსტრუმენტები, პროგრამები და სააგენტოებთან თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები, თუ როგორ შეიძლება კიდე უკეთ გამოვიყენოთ და მეტი დახმარება წამოვიღოთ საქართველოში, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოგვიცხადონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც შეეხება ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, სადაც ჩვენ უფრო მეტი პრაგმატული, კონკრეტული და მათ შორის, პოლიტიკური მხარდაჭერა გვესაჭიროება.” -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო გადადგილებისათვის, ევროკავშირის მხრიდან დარჩენილი პროცედურების განხორციელების ვადები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლსა და საქართველოს ახალ დახმარების ინსტრუმენტებში და პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობის საკითხს.
შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ მხარეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტების ამსახველი ანალიტიკური დოკუმენტი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0