ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრების განვითარება

05/09/2017

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატები წარადგინა.

“მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მივესალმები თელაველებს, მივესალმები სრულიად კახეთს, მივესალმები თუშეთს!
ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, რათა ჩვენი დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი საქმე გავაგრძელოთ და საბოლოო შედეგამდე მივიყვანოთ. საბოლოო შედეგი კი გახლავთ ის, რომ კახეთმა დაიბრუნოს თავისი სიდიადე და ჩვენი ქართველი კაცი დაუბრუნდეს თავის ფესვებს, სადაც ის ყველაზე ძლიერად გრძნობს თავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გვმართებს გაერთიანება, ერთად დგომა იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად გადავდგით ის ნაბიჯები, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა.
ჩვენ მივხედეთ, პირველ რიგში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, მივხედეთ სოფლის მეურნეობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას, ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას და დღეს გვაქვს ვენახების გაშენების მზარდი ტენდენცია. ჩვენ 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი მივიღეთ კახეთში მარტო მევენახეობის განვითარებით და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი.
ჩვენ ავირჩიეთ სოფლის მეურნეობის განვითარების სწორი მოდელი და ეს ეხება არა მარტო მევენახეობა-მეღვინეობას, არამედ ეს ეხება მეხილეობის განვითარებას. ეს არის პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. ჩვენ არ გავაკეთეთ აქცენტი მყისიერ მოგებაზე, არამედ ეს პროგრამა ოთხი-ხუთი-ექვსი წლის თავზე იწყებს მოგებას და ჩვენ დღითიდღე, დღეიდან მოყოლებული დავიწყებთ დანახვას, თუ როგორ გაძლიერდება სოფლად მცხოვრები სწორედ ამ პროგრამების შედეგად.
ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრების განვითარება და გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენცია ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრის. სწორედ ამის გამო ჩვენ გვაქვს ათობით ახალი მეღვინეობის საწარმო კახეთში გახსნილი. ეს არ არის ჯერ კიდევ სრული წარმატება და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ არნახული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები წამოვიწყეთ. კერძოდ, კახეთზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც დღემდე არნახული მასშტაბის გზების, წყალმომარაგების სისტემების განვითარება და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი მასშტაბი ჩვენს ბიუჯეტში ჯერჯერობით არ ყოფილა.
მინდა, ჩამოვთვალო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ესენი გახლავთ – 15 კილომეტრიანი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, რომლის დასრულებასაც მომავალი წლის ზაფხულში ვვარაუდობთ; გარდა ამისა, თბილისი-ბაკურციხის 87-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება, რომელიც 2018 წლისთვის დაიწყება და ორ წელიწადში დამთავრდება; ასევე – წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის 40-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება. 2018 წლიდან დაგეგმილია ბაკურციხე-წნორის 16-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება და ამას გარდა, 36-კილომეტრიანი გზა გურჯაანი-თელავის შემოვლითი მონაკვეთის, რომელიც 121 მილიონი დოლარი დაჯდება. მთლიანობაში ამ გზების ღირებულება მილიარდ ლარზე მეტია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კახეთს ექნება ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტების გზები და ამას დაემატება ასევე სრულიად ახალი გზა, რომლის დაგეგმარებაც დაწყებულია – ეს გახლავთ თელავისა და თუშეთის დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთი, რომელიც გაცილებით გააიოლებს თუშეთთან კავშირს.
ჩვენ შარშან უკვე გვქონდა ამის პრეცედენტი, როდესაც საზაფხულო გზა დაიკეტა, ყოველკვირეულად დავნიშნეთ ვერტმფრენის რეისი თუშეთის მიმართულებით, რამაც ძალიან მნიშვნელოვნად გააიოლა იქ მყოფი ადამიანების ყოფა და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალ ზამთარშიც.
გარდა ამისა, 2018 წლიდან დაიწყება და 2020 წლისთვის დამთავრდება თელავის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ეხება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების რეაბილიტაციას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველა რაიონში დაგეგმილია სპორტული კომპლექსების მშენებლობა და ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
ჩემო მეგობრებო, ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ კახეთს და თუშეთს თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის კუთხით. თითოეული ჩამოსული ახალი ტურისტი ეს არის დამატებითი მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქტზე და დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე – ოჯახური სასტუმროების მიმართულებით.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავაანონსებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას, რომელიც იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამაგალითო, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
ამას გარდა, მინდა გითხრათ, რომ კახეთს კულტურული მიმართულებით აქვს განსაკუთრებული პოტენციალი. ეს რეგიონი ყოველთვის მდიდარი იყო ინტელექტით და სწორედ ეს ინტელექტი ინარჩუნებს დღემდე იმ თვითმყოფადობას, იმ განსაკუთრებულ კულტურას, რომელიც აქ წარმოიშვა და რომელმაც არა მარტო კახეთის, არამედ საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურის განვითარებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯება, რათა თითოეულ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი მივლენ, ნახავენ ახალ სპექტაკლებს, კინოხელოვნების ახალ ნიმუშებს და არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამისთვის აუცილებლად დედაქალაქში იყოს წასასვლელი. ადგილობრივი კულტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნირების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში.
ახლა მინდა წარმოგიდგინოთ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები – ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი კვალიფიკაციით, გამოცდილებით, კარგი რეპუტაციით, გულისხმიერებითა და უნარით, მოაგვარონ ხალხის პრობლემები. მათთვის, ჩემო მეგობრებო, თქვენზე ზრუნვა, თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება იქნება ყოველდღიური ამოცანა და ცხოვრების მიზანი.
თქვენგან მინიჭებულ მანდატს ისინი ბოლომდე გაუფთხილდებიან და ბოლომდე დაიხარჯებიან, რომ არც ერთი თქვენგანის მოლოდინი და იმედები არ გაცრუვდეს.
სწორედ ამიტომ, მინდა წარმოგიდგინოთ დედოფლისწყაროში – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; საგარეჯოში – გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში – არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში – იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში – ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში – როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში – გიორგი გოგილაშვილი; თელავში – შოთა ნარეკლიშვილი.
მეგობრებო, ჩვენ ყველას, ჩვენს გუნდს მტკიცედ გვჯერა, რომ გზა, რომელიც აირჩია “ქართულმა ოცნებამ”, არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. გვჯერა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავაერთიანებთ ჩვენს ხმებს და დავუჭერთ მხარს იმ ზნეობრივ არჩევანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოვიდა ხელისუფლებაში.
მე მჯერა, რომ ის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელსაც მტკიცედ ვადგავართ, არის სწორედ ის გზა, რომელიც თითოეულ ოჯახში მოიტანს კეთილდღეობას. რომელიც ჩვენს ქვეყანას დაუბრუნებს იმ ღირსეულ ადგილს, რომელიც ჩვენ ისტორიულად გვეკუთვნის, რომელიც თითოეულ თქვენგანს აგრძნობინებს, რომ ჩვენ ვართ დიდი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს შვილები და რომ ჩვენ ყოველწუთიერად გვეამაყება ეს.
ჩვენ ერთად დგომით უზრუნველვყოფთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ნათელ, წელში გამართულ მომავალს. სწორედ ამიტომ, ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა გავერთიანდეთ, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ეს სწორი გზა.”-განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0