ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანიანმა განცხადებები საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:”დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს მთავრობას, კომისიის წევრებს. დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე ერევანში და ჩემს კოლეგასთან, მეგობართან ერთად ვუხელმძღვანელო ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით, გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი აღნიშნული მონაცემები. მე ასევე მინდა აღვნიშნო ბატონო პრემიერ-მინისტრო და ძვირფასო კომისიის წევრებო, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. ამ მიზნით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ და რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფორმატი არ ჩაანაცვლებს სხვა ფორმატებს და სხვა ინიციატივებს. პირიქით, ვფიქრობ ეს დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ძლიერ, გრძელვადიან ეკონომიკურ აღმასვლას და კეთილდღეობას ჩვენი ხალხების. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის კომისიის წევრებს, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო ჩატარდა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგესალმოთ ყველას გულით, მოგილოცოთ ახალი წელი და შობა, გისურვოთ წარმატება, ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, დიდი მადლობა”.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:”პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს 12-ე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენს მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ. ბატონ პრემიერთან განვიხილავთ უსაფრთხოების და რეგიონულ საკითხებს. მსგავს საკითხებში არის ურთიერთგაგება, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. ნება მიბოძეთ, წარმატება ვუსურვო ყველა შეთანხმების შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე ავიყვანთ, გავაღრმავებთ, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური მზრუნველობა”.

Visited 13 times, 1 visit(s) today