ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება

31/03/2021

ნათია თურნავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ექსპერტული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც პროექტთან დაკავშირებული კვლევების ხელახალი შესწავლის პროცესში ექსპერტების ჩართულობის საკითხი განიხილეს.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეიქმნას მეტი ნდობა პროექტის ირგვლივ, ჩვენ ჩავრთეთ ფართო საზოგადოება – ექსპერტები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო სექტორი, ვისაც გააჩნია კომპეტენცია და სურვილი, რომ ჩაერთოს როგორც კვლევების გადამოწმებაში, ასევე შემდგომ უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი შეხვედრის მონაწილე დარგობრივ ექსპერტებთან – ენერგეტიკოსებთან, ეკოლოგებთან, სეისმოლოგებთან, ჰიდროლოგებთან და გეოლოგებთან შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ ნამახვანი ჰესის პროექტის კვლევებზე.

„თუკი ისინი გამოავლენენ რისკს, რაიმე ხარვეზს, ან გამოთქვამენ სურვილს, რომ, კვლევების რომელიღაც კომპონენტი შეიძლება იყოს გასაძლიერებელი, ჩვენ იგივე ფორმატით შევიკრიბებით, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს, შევიმუშავებთ მათი გადაჭრის გზებს და წარვუდგენთ კომპანიას. ეს არის გარანტია იმისა, რომ პროექტი სრულიად უსაფრთხო იქნება. გარდა ამისა, ინფორმაცია ამ პროექტის უსაფრთხოების შესახებ ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის და ეს არის სწორი პროცესი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს. ნათია თურნავამ განმარტა, რომ ეს სამუშაოები არ მოიცავს კაშხალს. თუმცა რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მისი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულად, სამუშაოები არც შეწყვეტილა, კომპანია ადგილზეა და სამუშაოები გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში. ასევე 28-კილომეტრიანი გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთს კომპანია შეაკეთებს ან ახლიდან ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0