ჩვენ 25 წელია, ჩაკეტილ წრეზე დავდივართ

20/07/2017

დღეს, როცა ასე ახლოს ვდგავართ აფხაზეთთან, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი აფხაზი ძმებისადმი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, და ნამდვილად, ამაზე საუბარი არასოდეს მომბეზრდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, როგორ ცხოვრობენ ჩვენი აფხაზი ძმები და დები სოხუმსა და გაგრაში, გალსა და ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გუდაუთაში. ჩვენ გვინდა, მათ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი. შეგნებულად არ ვთქვი კიდევ ერთხელ, რადგან ჩვენ, 25 წელია, ჩაკეტილ წრეზე დავდივართ და მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც შეიქმნა და ჩვენს მომავალ თაობებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუტოვოთ.
საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს მყარი პოზიცია ენგურჰესთან დაკავშირებით, რომ ჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდებოდეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა. ამ ჟესტით ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი და ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი ძმებისთვის.
ენგურჰესი შეიძლება ნიმუშადაც გამოვიყენოთ, თუ როგორ შეიძლება ომით გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესის გარშემო თანამშრომლობით შევცვალოთ, დავძლიოთ შიში, სტერეოტიპები, ხაზს ვუსვამ, სტერეოტიპები, ვინაიდან ეს სტერეოტიპები ძალიან ხშირად ხელს უშლის შერიგების პროცესს.
ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ კონსტრუქციულ დიალოგს და თანამშრომლობას. იმედი მაქვს, რომ ახალი ტურისტული ცენტრი, მთელი თავისი შემეცნებითი და გასართობი სივრცეებით, გახდება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი შვილების შეხვედრის ადგილი, რომლებსაც მივცემთ შანსს, თავად გაიაზრონ და თავად გააკეთონ დასკვნები. მანამდე კი, ვიდრე ჩვენი შვილები ამ ადგილას ერთმანეთს შეხვდებიან, ჩვენ, ჩვენმა თაობამ უნდა შევძლოთ და გულახდილად ვისაუბროთ იმ სიტუაციაზე, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, რადგან გულახდილობის გარეშე არ არსებობს შერიგება და წარმოუდგენელია,გულწრფელობის გარეშე მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებთან შერიგება.
მე ნამდვილად მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ქართველებსა და აფხაზებს ისევ გაგვაერთიანებს საერთო ინტერესები, საერთო მიზანი. მე ნამდვილად არასოდეს ვიტყვი, რომ ურთიერთობა უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი ურთიერთობის, ძმობის, მეგობრობის, ისტორია და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი ურთიერთობებიც ამ ძალიან მჭიდრო ურთიერთობების ისტორიაზე უნდა დავაშენოთ. ამიტომ,კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მიზანი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, პირველ რიგში არის ჩვენი შვილების ერთად ცხოვრება, მათი ბედნიერი მომავალი და გაერთიანებული, გაბრწყინებული საერთო სამშობლო, რომელსაც ჩვენი საქართველო ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი, სადაც ვიმყოფებით, ყველა ჩვენგანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ადგილი იქნება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0