ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

28/11/2017

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება. ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე, ციენ ქემინგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარ ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ დაასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც ორი კვირის წინ აღნიშნულ შეთანხმებას რატიფიკაცია გაუკეთა, ხოლო დღეს ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0