ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახლად გახსნილ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს

19/09/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან, საკრებულოსა და პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან რიმა ბერაძესთან და გიორგი ვოლსკისთან, ასევე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ახლად გახსნილი N69-ე საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვისაა ადაპტირებული, წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს.
აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც 250-მდე აღსაზრდელი ირიცხება, კეთილმოწყობილი სათამაშო მოედანი და ატრაქციონებია განთავსებული.
2017 წლის შემოდგომაზე თბილისს კიდევ ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა.
ახალი სააღმზრდელო დაწესებულებების გახსნა ასევე ვაშვლიჯვრის დასახლებაში, ნაძალადევში და თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანშია დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0