ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა

02/02/2024

გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების გათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე მონაწილეობდნენ. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში 1 მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
2006 წელს, ნაკადულის/მდინარის კალმახი „წითელ ნუსხაში“ მოხვდა და მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია. სწორედ ამიტომ, პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება აქტიურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0