ჩოხატაურში „მედალფას“ განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

10/02/2017

ჩოხატაურში ავერსის შვილობილი კომპანია „მედალფას“ განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გახსნეს. „მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პაატა კურტანიძეს და ,,ავერსს“ ასეთი არაჩვეულებრივი ცენტრის გახსნისთვის. ჩოხატაურში არსებული კლინიკა სრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, დღეს კი გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი, სადაც პაციენტები მომსახურების მაღალი ხარისხით ისარგებლებენ“-აღნიშნა გია სალუქვაძემ. ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა. ქსელი ამჟამად ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას აერთიანებს: ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურისა და თბილისის კლინიკა. ქსელის ყველა სამედიცინო ცენტრი და კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო. 2012 წლიდან ჩოხატაურში ფუნქციონირებდა ამბულატორია და ხუთ საწოლიანი სტაციონარი. ამჟამად კი ამბულატორია გაფართოვდა და სტაციონარი 25 საწოლიანი გახდა. აღნიშნულ ცენტრში სამშობიარო სახლიც ფუნქციონირებს. ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ „მედალფას“გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0