ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიას 20 ქართველი სამხედრო შეუერთდება

22/06/2016

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი ”ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში (European Union CSDP Military Training Mission in the Central African Republic – EUTM RCA) მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეულის გაგზავნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2016 წლის 21 ივნისის N3 ბრძანება, კომიტეტის წევრებს, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.

უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში კი, მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემდეგ შევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0