ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ

03/06/2020

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტების სამუშაოებს პირადად გაეცნენ. აქტიურად გრძელდება ძალისის, გალავანის, წინამძღვრიანთკარის, ბიწმენდის, ზაქაროს, წილკანის, აღდგომლიანთკარისა და ნავაზის გზების მოასფალტება მცხეთის მუნიციპალიტეტში. რეაბილიტაცია უტარდება საგზაო ინფრასტრუქტურას დაბა თიანეთში და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახალსოფელი, ჩაბანო, დულუზაურები, ტუშურები, დევენაანთხევი, ძებნიაურები, თეგერაანები და ლელოვანი. ასევე, მიმდინარეობს გორისციხისა და ფხელშეს შიდა გზების მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერეს. ხიდის სიგრძე 33 მეტრი იქნება და ის გორისციხის თემის სოფლებს – ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან და მუნიციპალურ ცენტრთან დააკავშირებს. ხიდის სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0