ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

12/11/2017

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 109 119 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.24 %-ს შეადგენს.
ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:
• ყაზბეგი -52.95%
• ხაშური – 34.66%
• ბორჯომი – 52.89%
• ქუთაისი – 17.98%
• ოზურგეთი – 56.7%
• მარტვილი – 38.49%
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს გენდერულ ჭრილში, წინასწარი მონაცემებით ექვსივე საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა 50.28% ქალი, ხოლო 49.72% კაცი იყო.
„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა, გარდა რამდენიმე მცირე პროცედურული ხარვეზისა, სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ცესკოს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრში არ შემოსულა შეტყობინება, რომელიც რაიმე სერიოზულ დარღვევას შეეხებოდა“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა და შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
„შეგახსენებთ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე facebook-სა და Youtube-ზე 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით თვალი ადევნოს ოქმების შემოსვლისა და წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრების შესახებ, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შევიდა 25 საჩივარი, რომლებიც ძირითადად მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებს შეეხება და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. მათ შორის ყველაზე მეტი, – 11 საჩივარი დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში – 10, ქუთაისში – 2, ხოლო მარტვილსა და ხაშურში თითო-თითო საჩივარი შევიდა. რაც შეეხება ყაზბეგს, აღნიშნულ ოლქში ამ დროისათვის საჩივარი არ ფიქსირდება.
ანა მიქელაძემ მედიას რამდენიმე საჩივრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია:
„მარტვილის #მე-12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტი დადასტურდა. კომისიის წევრის განმარტებით, ის იცნობდა ამომრჩეველს და ამიტომ მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა. ეს არის პროცედურული ხასიათის გადაცდომა და ზემდგომი კომისია მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ოზურგეთის #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებული იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ხმა მისცა უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ამავდროულად მისი ხელმოწერა დაფიქსირებული იყო გადასატანი ყუთის სიაშიც. კომისიის გადაწყვეტილებით, გადასატანი საარჩევნო ყუთი გაგზავნილია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მისაღებად.
ოზურგეთის #15-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე დაბრუნდა ჭრილის დალუქვის გარეშე. დაწერილია საჩივარი და ზემდგომი კომისია მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0