ცესკოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

20/10/2017

ცესკოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს წინასაარჩევნო სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა, როგორიც არის ბიულეტენების ბეჭდვა, ამომრჩეველთა სია, საგანმანათლებლო პროექტები და ცესკოს საინფორმაციო კამპანია.
თამარ ჟვანიამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ცესკოში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებს 96 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი, ხოლო 30 საერთაშორისო ორგანიზაციის 581 წარმომადგენელი დააკვირდება.
ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი – მან იმ საპილოტე პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს; აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ (54 000-ზე მეტი წარმომადგენელი), თითქმის 95%-მა ყველა დონის კომისიაში წარმომადგენელი ელექტრონული წესით დანიშნა.
ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებს სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში დააკვირდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0