ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ნორმები იცვლება

16/11/2022

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული არსებული ნორმების ცვლილებას ითვალისწინებს კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პირველი მოსმენით გააცნო.

„დღეის მდგომარეობით ცივი იარაღის ტარება დასჯადია, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით. თუ პირი ატარებს ცივ იარაღს პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 200-ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში 1000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და მხოლოდ მესამე ჯერზე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რეგულაციის გამკაცრების შედეგად, ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება და არ იქნება მითითებული განმეორებადობა. ასევე ნორმას დაემატება ცივი იარაღის კონფისკაცია.
არსებული ვითარების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ლიბერალურია ჩვენი კანონმდებლობა. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი სანქციები გამოიყენება. სამწუხაროდ ძალიან გაიზარდა ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. ბოლო სტატისტიკით მკვლელობების 54% ჩადენილია ცივი იარაღით და ამ ცვლილების მთავარი მიზანი სწორედ არის პრევენცია იმ დანაშაულების, რომელთაც ვხედავთ ჩვენს რეალობაში“, – განაცხადა მომხსენებელმა.

პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0