ძალიან მაღალია რისკი წითელი ხაზების გადაკვეთის

03/03/2017

ძალიან მაღალი რისკია წითელი ხაზების გადაკვეთის, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიულობას და ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ”რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისა და ამ თემაზე პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებული პოზიციის განმარტებისას განაცხადა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, არასწორი შეხედულებაა, რომ ”რუსთავი 2”-ის საქმე არის ტიპიური კერძო დავა, რადგან საუბარია მედიაზე და მედია ყოველთვის ეკუთვნის საზოგადოებას.

”შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება ამ თვალსაზრისით. აქ უბრალოდ ერთი ან ორი რომელიმე კომპანიის ბედი კი არ წყდება, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე. ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებრივია, არის სახელმწიფოებრივი, შესაბამისად, ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ სწორედ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიულ პროცესებს, ევროინტეგრაციას, რისკის ქვეშ ვაყენებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან დამოკიდებულებას. გასაკვირია, რატომ ხდება ეს? – ამაზე ჩვენ მეტი დაფიქრება გვმართებს. ეს არის ის წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ ახლა მივუახლოვდით და ძალიან მაღალი რისკი გვაქვს ამ წითელი ხაზების გადაკვეთის, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიულობას, ევროინტეგრაციას, საზოგადოების ჩართულობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სწორედ ის ფაქტი, რომ ჩვენ არაერთ შეხვედრაზე, როდესაც პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფებოდით, საუბარი შეეხებოდა სწორედ საქართველოში მედიის თავისუფლებას, ”რუსთავი 2”-ს და დღესაც ვნახეთ ჩვენ გამოხმაურება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასეთ სახელმწიფოებრივ საკითხზე საზოგადოებამ ევროპული სასამართლოსა და ქვეყნის პარტნიორების პოზიციაც მოისმინოს, მანამდე კი არხზე არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდეს.

”სწორედ ამიტომ გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება იმის თაობაზე, რომ მოდით ჩვენ შევინარჩუნოთ არსებული სტატუს-კვო, მოდით ჩვენ დაველოდოთ საკონსტიტუციო და ევროსასამართლოების გადაწყვეტილებას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციაზე, ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ცხადია, ევროსასამართლოს პოზიციას, თუ რა იქნება ამ პროცესთან მიმართებაში, მაგრამ მანამდე მოდით, ვცადოთ რისკების მინიმიზაცია და დავტოვოთ არსებული სტატუს-კვო”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0