ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს 12 უმსხვილესი კომერციული ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბანკებთან შესაბამისი მემორანდუმები გაფორმდა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო, ხელშეკრულებებს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ტურისტულ ბიზნესს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. „ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც დავეხმარებოდით ტურისტულ ბიზნესს, რომ შეგვერბილებინა ის ნეგატიური ზემოქმედება, რაც მას პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და შემდგომ რუსეთის მხრიდან ფრენების შეწყვეტამ მოუტანა. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება და მისი გადაწყობა ძირითადად ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ერთვება, რაც პრაქტიკულად საბანკო სისტემის 99%-ია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის შესაძლებლობა სასტუმრო ბიზნესისთვის, ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის – მიიღოს ახალი დაფინანსება, ახალი სესხები თავისი ბიზნესის გასაფართოებლად, ან ახლის დასაწყებად.

„ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არა მარტო შევინარჩუნოთ დღევანდელ დონეზე ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მიუხედავად უდიდესი დარტყმისა, არამედ შევინარჩუნოთ განვითარების ტემპიც“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Visited 91 times, 1 visit(s) today