ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესებ

13/09/2017

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება.
Ba2, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი – 3B, რაც ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და როგორც სუვერენული, ისე კერძო სექტორისგან კრედიტის მოზიდვა გაცილებით იოლი და იაფი გახდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად. მინდა, სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად, 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების – შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იყო. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს – ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული.
ამ ძალიან რთულ მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმას, რომლის განხორციელება წლის დასაწყისში დაიწყო, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, თავი დიდი წარმატებით გაართვა.
ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ეკონომიკური შოკებს თუ ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს.
ასეთი რყევები ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის. რა თქმა უნდა, რეიტინგის გაუმჯობესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კერძო ინვესტიციებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ა.შ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0