ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის 50 კმ-იან მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო

10/08/2017

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის 50 კმ-იან მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების მეორე სექცია დაიწყო. პირველი სექციის ძირულა-საღანძილის ტერიტორიაზე პროექტის საბოლოო დეტალების, კერძოდ კი განსახლების საკითხის შესახებ შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ამ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან 20 ივნისს გაიმართა.
დღეს გერმანული კომპანია „კოქსის“ კონსულტანტებმა ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელებმაც ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის 50 კმ-იან მონაკვეთის მეორე სექციის(მოლითი-ჩუმათელეთი) საპროექტო სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდა „კოქსის“ დირექტორი S.N Jena, კოქსის კონსულტანტი სოციალურ საკითხებში სოსო გოგოძე და „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ გარემოს დაცვის კონსულტანტი ლუიზა ბუბაშვილი. პრეზენტაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილე არჩილ მაღრაძესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ესწრებოდნენ ასევე, გამგებლის წარმომადგენლები, იმ ადმინისტრაციული ერთეულებიდან, რომლებიც მეორე სექციის ზოლში მოხვდნენ.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა მეორე სექციის მონაკვეთში განსახლების გეგმაში 84 ოჯახი მოყვება. კომპანია „კოქსის“ დირექტორის განმარტებით, განსახლებაში მოყოლილ ოჯახებს პირადად შეხვდებიან და განუმარტავენ, თუ რა პირობებს სთავაზობს მათ სახელმწიფო დონორი ორგანიზაციის აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებით.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები საჯარო უნდა იყოს და მოსახლეობის ინფორმირება უნდა ხდებოდეს. დეპუტატი ასევე, ამბობს, რომ ძირულა-ჩუმათელეთის გზის ის მონაკვეთი, რომელიც დაბაზე გადის, აუცილებელია შემოვლითი გზით დაპროექტდეს, რადგან პრობლემები შეექმნებათ როგორც მოსახლეობას, ისე დაბის ქუჩებს. სოციალურ საკითხთა კონსულტანტი სოსო გოგოძე განმარტავს, რომ ეს არის შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა კონკრეტულად ისინი იყვნენ ინფორმირებული, რა სხის სამუშაოები იწყება და რაშია საჭირო მათი ჩართულობა. სოციალური კონსულტანტის განმარტებით, საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან ორშაბათიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გაივლის თუ არა დაბაში ცენტრალური გზა სოსო გოგოძე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს და ეს საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაარკვიოს. როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან პირველ შეხვედრაზე განმარტა, ძირულა-ჩუმათელეთის გზის 50 კმ-იანი მონაკვეთის დაბის ტერიტორიაზე გავლის წინააღმდეგია და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ამ საკითხის განხილვას პირადად აპირებს.
გამგებლის წარმომადგენელი საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა ყრუაშვილი დაინტერესდა მიიღებენ თუ არა კომპენსაციას იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ ზედ ხეხილია გაშენებული. „კოქსის“ დირექტორის S.N Jena -ს განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მოსავლის საფასური ანაზღაურდება და არა მიწის.
გზის საპროექტო პარამეტრები ასეთია – 50 კმ-იანი მონაკვეთი იქნება 2 ზოლიანი, თითო ზოლის სიგანე იქნება 3 მ, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 6 მ, მთლიანობაში გზის სიგანე 9მ. იქნება.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ასევე საკარმიდამო და კომერციულ/საწარმოო მიწა, რომელიც მოხვდება წითელ ზოლში ფასდება საბაზრო ღირებულებით. შეფასდება ასევე პირის მფლობელობაში არსებული ხეხილი, მისი სახეობის და ასაკის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც შეფასება საბითუმო საბაზრო ფასით მოხდება. პრაქტიკიდან გამომდინარე მერქანი რჩება მეპატრონეს.
შენობა ნაგებობები, რომელიც მოხვდება განსახლების ზოლში – საცხოვრებელისახლი, დამხმარე ნაგებობა, კომერციულ/საწარმოო და წვრილი ნაგებობები (ჭა, ავზი,…), ღობე/კედელი ფასდება ინდივიდუალურად, აღდგენითი ღირებულებით. არსებული პრაქტიკით მასალა რჩება პატრონს.
ერთწლიანი კულტურის მოსავალი შეფასდება მრავალწლიანი საშუალო მოსავლიანობის გათვალისწინებით, საბითუმო საბაზრო ფასით.
ბიზნესი, რომელიც მოხვდება სამუშაო ზოლში იქნება კომპენსირებული. ანაზღაურდება საწარმოს მუშაკთა ხელფასები და მოგება.
პროექტში გათვალისწინებულია შემწეობებისა და დახმარების პაკეტებიც, რომელიც განისაზღვრება ზემოქმედების სიმძაფრის მიხედვით, მაგ. (შემოსავლების 10%-ზემეტისდანაკარგი), ასევე, იქნება დახმარებები ადგილმონაცვლეობისას და ერთჯერადი სოციალური შემწეობები.
კომპანია „კოქსის“ წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს პირველ სექციაში აქტიური ჩართულობისთვის და მეორე სექციის პროექტის საბოლოო დეტალების ყურადღებით გაცნობისათვის და გვერდით დგომა თხოვეს. მათი განმარტებით, ქონების აღწერის პროცედურებს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს გამგეობის წარმომადგენელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0