ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას

11/06/2017

10 ივნისის ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და დააზიანა ინფრასტრუქტურა. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის ადგილას დაუყოვნებლივ დაიწყო პრევენციული ღონისძიებები, რომელთა განხორციელების შედეგად თავიდან აცილებულ იქნა გაცილებით დიდი ზარალი. იმავე ღამეს სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში კახა სამხარაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
დღეს დილიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომელშიც პირადად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხაშურსერვისისა“ და „სავანეს“ წარმომადგენლები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ სამაშველო სამსახურის, მელიორაციის სამმართველოსა და „Black Sea Goup”-ის წარმომადგენლები, მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის სამუშაოები. უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფები და სავარაუდო ზარალის ოდენობა ხვალ, დღის მეორე ნახევრისთვის გახდება ცნობილი.
10 ივნისს მომხდარმა სტიქიამ პრობლემები შეიქმნა დაბა სურამში, სადაც სურამულას ადიდების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები. ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა. ქვიშხეთში წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე შოლა, რასაც ნაპირსამაგრი კედლების დაზიანება მოჰყვა. დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. მდინარე ტილიანას ადიდებას სოფელ ქემფერში მსხვერპლი მოჰყვა. 45 წლის მამაკაცი, რომელიც საქონელს შინისკენ მიერეკებოდა, მდინარემ გაიტაცა. მდინარის მიერ გატაცებული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და დაახლოებით ღამის 2 საათზე სამაშველო სამსახურმა იგი გარდაცვლილი იპოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0