წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს მიერ დაწყებულ სოციალურ პროგრამას

11/08/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უხილავ მტერზე გამარჯვების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„განცხადებებს დავიწყებ მოწოდებით, რაც დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს – ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ვაქცინაცია. დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება. ეს იარაღი არის ვაქცინა. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური გაცნობიერებით შევძლებთ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ. ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ჩვენი შვილები, დედები, მამები, ბებიები და ბაბუები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ვაქცინაციის შესაძლებლობის გამოყენება და ირგვლივ მყოფი ადამიანების მაქსიმალურად დაცვა სთხოვა.

„ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ ამ რთულ ვითარებაში, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის და რომელსაც კოვიდ-19 ჰქვია, ერთადერთი გამოსავალი და შესაძლებლობა არის აცრა. ჩვენ ვაქცინაციის ყველანაირი საშუალება გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფი ადამიანები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან შრომითი ანაზღაურების საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გადაიხედება. მისი თქმით, არსებული განაკვეთებით, რომელიც წლებია არ შეცვლილა, სათანადოდ არ არის დაფასებული სახელმწიფოს და მოქალაქეების სამსახურში მყოფი ადამიანების შრომა. კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე, რათა ხელფასების მატება მომავალი წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გამოცხადებული გვქონდა, თუმცა, პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, როგორც ეს ჩვენ პრემიერის განცხადებიდან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება. ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს და არა ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვქონდა. უკვე რამდენიმე წელია ხელფასების გადახედვა არ მომხდარა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით, კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს.

„ჩვენ გვაქვს პრობლემები, როდესაც ხშირად კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გაედინება, რადგან არსებული ხელფასები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს დავუახლოვოთ. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაიწყონ მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ჩვენ იანვრიდან უკვე შევძლოთ ხელფასების მატება მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 13 ოჯახს გადაეცემა. მისი თქმით, ამჯერად, საცხოვრებელი ფართები დიდუბის რაიონში 11 ოჯახს, სამგორში – ერთს, გლდანშიც ერთ ოჯახს დაუკანონდება.

„წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს მიერ დაწყებულ სოციალურ პროგრამას. ეს არის საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ძალიან მიხარია, რომ 2 000-მდე ოჯახი გავაბედნიერეთ. გასულ კვირას ჩვენ ბინები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს გადავეცით, დღეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ფართების სიმბოლურ ფასად 13 ოჯახისთვის გადაცემის საკითხი. ყველას ვულოცავ, ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ყველას დავეხმარებით, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს -აუცილებლად მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობები გადაეცემა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა. აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა, საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად – 34 მლნ ლარად გაიყიდა.

„გასულ კვირას დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული თანხით მომდევნო წლებში დედაქალაქში საინტერესო პროექტები განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0