წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია

19/07/2016

წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია, რაც განაპირობა კარგმა კლიმატმა, სწორად შერჩეულმა სათესლე მასალამ და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებამ.
17 ივლისს, უხვი მოსავლის დროულად აღებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანიდან საქართველოში დასახმარებლად შემოვიდა 30 ერთეული კომბაინი, რომელთა რაოდენობაც შემდეგნაირად გადანაწილდა:
მარნეულს შეხვდა 10 ერთეული კომბაინი;
ჩალაუბანს შეხვდა 8 ერთეული კომბაინი;
დედოფლისწყაროს რაიონს უხვი მოსავლის გამო ყველაზე მეტი – 12 ერთეული კომბაინი
აღნიშნული ტექნიკა უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ მოსავალი დროულად, ხარისხიანად და უდანაკარგოდ აიღოს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კომბაინები დაათვალიერა, მოსახლეობას შეხვდა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ დღეიდან უფრო აქტიურად გაგრძელდება მოსავლის აღება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება აზერბაიჯანიდან შემოსული დამხმარე აგროტექნიკა, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე გადანაწილდება და არცერთ გლეხს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება.
მოსახლეობა გახარებული და კმაყოფილია, რომ აღნიშნული კომბაინები მობილიზებულია მოსავლის ასაღებად: ,, ძალიან კარგია, რომ მოსავლის აღება დღეიდან დაიწყება და ეს პროცესი დროულად მოხდება, რადგან ხორბლის აღება თუ დაგვიანდა მწიფე მარცვალი ჩაცვივა და თავთავი განახევრებული დარჩება. ხორბლის მარცვალი მაშინ აიღება, როდესაც იგი სავსე და მაგარია. ჩვენ კმაყოფილნი ვართ, რომ სწორედ ასეთ საჭირო დროს აზერბაიჯანიდან მოსავლის აღებაში დასახმარებლად შემოვიდა ეს კომბაინები“ – განაცხადა დედოფლისწყაროს რაიონის მცხოვრებმა გივი ალუღიშვილმა.
უკვე დღეიდან დასახელებული ერთეული კომბაინები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ყანებში მოსავლის აღებას შეუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0