წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მეტი წარმატებით ხვდება

23/01/2018

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის მნიშვნელოვანი, რადგან აქ იკრიბებიან, როგორც პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ბიზნესის, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველო წელს ფორუმს კიდევ უფრო მეტი წარმატებით ხვდება, რაც მისი თქმით გამოიხატება ახალი ბიზნეს შესაძლებლობებით და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოთი.

„პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს და მისი განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. წელს ჩვენ ფორუმს კიდევ უფრო მეტი წარმატებით ვხვდებით. შესაბამისად, ამ ყველაფერს საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს კომპანიებს, როგორც ფორუმის ფარგლებში, ისე – ორმხრივი შეხვედრებისას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული იქნება“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0