წილკნისა და წეროვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

15/02/2024

მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლების – წილკნისა და წეროვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით კეთილმოეწყობა 7 კმ-მდე გზა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ორ-ნახევარ მილიონ ლარამდე შეადგენს. პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან – გიორგი ჩიფჩიურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან – დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად გაეცნო.

„გასული წლების მსგავსად, 2024 წელსაც ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. ამ მიზნით სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მთელი რეგიონის მასშტაბით. დღეს ჩვენ წილკან-წეროვანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები მოვინახულეთ, პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა მეტად უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებს“, – აღნიშნა დავით ნოზაძემ.

სამუშაოების მიმდინარეობას, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0