წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 45.64%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

21/10/2017

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ, საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს. ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 45.64%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, საერთო ჯამში კი არჩევნებში მონაწილეობა 1 570 500 ადამიანმა მიიღო.
ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისში, ამომრჩეველთა 43.4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. შედარებისთვის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 43.31%-ს შეადგენდა.

საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.

„საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნაა, კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც ასევე შეეხება პროცედურულ დარღვევებს. შესაბამისად, ისინი იქნება შესწავლილი და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა მიქელაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0