წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

15/07/2016

მოძველებული ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მერაბ კოსტავასა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს მალე თანამედროვე სტანდარტებში მოექცევა და რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩის იერ-სახეს დაამშვენებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება გარე ფასადს, შეიღებება და შეიცვლება კარ-ფანჯრა, ასევე მეტალო-კრამიტით გადაიხურა საცხოვრებელი კორპუსის სახურავიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „კატერინენფელდი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ახორციელებს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

„აღნიშნული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რომ უახლოეს მომავალში დასრულებულ მერაბ კოსტავას ქუჩას მთლიანად შეუცვლიდა იერ-სახეს. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ქუჩაზე მთლიანად მოიხსნა ძველი საფარი, სრულად განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები, გაკეთდა სანიაღვრეები, ასევე დასრულების პირასაა საკანალიზაციო სამუშაოებიც. რეგიონალური განვითარების ფონდიდან დამტკიცებული თანხით გზა მთლიანად ქვაფენილით მოპირკეთდება. ასევე კოსტავას ქუჩაზე, ტენდერის გამოცხადების შემდეგ, დამონტაჟდება ლედ-ნათურები, დამოუკიდებელი მზის პანელების, მზის ენერგიაზე მომუშავე, რომელიც თავდაპირველად სატესტო რეჟიმში იმუშავებს და დაკვირვების შედეგად მოხდება მისი დანერგვა მთელი ქალაქში. სწორედ ამან განაპირობა აღნიშნული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წლის ბოლოს ეს ქუჩა ყველაზე ლამაზი ქუჩა იქნება ბოლნისში“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0