წყალტუბოში პირველი სკოლის დაარსებიდან 135 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

24/11/2017

წყალტუბოში პირველი სკოლის დაარსებიდან 135 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა პრეზენტაცია”, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები გრიგოლ იოსელიანი და გრიგოლ ივანეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, პარლამენტარი გენადი მარგველაშვილი, ამავე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულ საზოგადოებას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს საუკუნის ცოდნის ტაძრის არსებობა მიულოცა ამავე სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, მანვე მიმოიხილა წყალტუბოში უძველესი სასწავლო დაწესებულების დაარსებისა და განვითარების ისტორია, ისაუბრა ყველა იმ სიახლეზე, ინოვაციურ პროექტსა და წარმატებებზე, რომელიც უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება, მოსწავლეებმა შეასრულეს სკოლის ჰიმნი, რომელიც მწერალმა ოტია იოსელიანმა დაწერა. სკოლის ისტორიაზე შექმნილი ვიდეო-რგოლის ჩვენების შემდეგ გაიმართა სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულების დაჯილდოება, ეს საპატიო ტიტული მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მამუკა ჩხეტიანს, ანზორ ბაბუნაშვილს, პოეტ ელადა ქაროსანიძეს, პირველი სკოლის ყოფილ დირექტორს ნათელა ბაზაძეს გადაეცათ.
პირველი სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობისა არქიტექტურულ -დენდროლოგიური კონცეფციის შესახებ ისაუბრა ანზორ ბაბუნაშვილმა, სკოლის წარსულზე მოხსენება გააკეთა ამავე სკოლის პედაგოგმა, ისტორიკოსმა იზო ჯანგავაძემ, სკოლის ისტორიაზე დაწერილი წიგნის შესახებ ისაუბრა ავტორმა ციალა ღვინიანიძემ.
პირველი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სანახაობრივად ლამაზი, ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია.

“დღეს მართლაც მნიშვნელოვან თარიღს ავღნიშნავთ ვულოცავ პედაგოგებს, მოსწავლეებს , მათ მშობლებს. პირველ სკოლას აქვს მდიდარი ტრადიციები, ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული და დარწმუნებული ვარ ახალი თაობაც მომავალში დიდ წვლილის შეიტანს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში”- განაცხადა პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა.

“დროში გაგრძელებული გმირობა” – პროფესორ გია შელიას ამ შეფასებაში გაერთიანდა სათქმელი, რომელიც ყველა ეპოქაში ყველაზე ღირებული და ფასდაუდებელია, აღზრდისა და ცოდნის გაზიარების საშური საქმე, რომლის კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არა მარტო მომავალი თაობის ბედი, არამედ ქვეყნის ხვალინდელი დღეც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0