წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია

22/11/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ქალაქ ზუგდიდში, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ გამართული პირველი ფორუმი გახსნა. მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

„ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. წყლის რესურსების მართვის მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული კანონის ამოქმედება 2026 წლიდან არის გათვალისწინებული და პროცესებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას გულისხმობს. შეხვედრაზე სწორედ ის მთავარი პრინციპები, ამოცანები და სიკეთეები განვიხილეთ, რასაც ქვეყანას წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი მოუტანს. შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაიმართება, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ახალ კანონს მომზადებული შეხვდეს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ფორუმი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ ერთობლივი პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი 2023 წელს დაამტკიცა. კანონი წყლის რესურსების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ახალი კანონის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხზე აქტიურად მუშაობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0