ჭიათურაში კარსტული მღვიმეების მიმართულების მანიშნებლები დაიდგა

19/09/2017

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი – „სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ და ხელმძღვანელობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სპელეოგიდის სერვისის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მარკირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. საინფორმაციო მანიშნებლები დაიდგა შემდეგი კარსტული მღვიმეების მიმართულებით: მანდაეთის კარსტული მღვიმე, კოტიასკლდის მღვიმე სოფელ სვერში, ორთვალაკლდის (წილთო III) მღვიმე სოფელ პერევისაში, კარსტული მღვიმე ,,თსუ 95“ სოფელ ითხვისში, ძუძუანას მღვიმე სოფელ მღვიმევში, ხვედელიძეების კლდის მღვიმე სოფელ ზოდში, საჭინკიის (გუნდაეთის) მღვიმე. უახლოეს მომავალში კარსტული მღვიმეების შესასვლელში დაიდგმება საინფორმაციო დაფები, აგრეთვე იგეგმება ცენტალურ საავტომობილო მაგისტრალებზე მანიშნებლების დაგეგმარება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჭიათურაში არსებული უნიკალური კარსტული მღვიმეების პოპულარიზაციას, მოემსახურება ვიზიტორების უსაფრთხოდ გადაადგილებას ზემო იმერეთის მღვიმეებში. კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები გაუწევს პოპულარიზაციას სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმდინარეობას. კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0