ჭიათურა – პერევისას საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/11/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმერეთის რეგიონში გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა – პერევისა – სვერი – თვალუეთი – გეზრულის საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა იწყება ჭიათურიდან და გადის ორ სოფელს შუქრუთისა და პერევისას. ამ დროისათვის, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და ზოგიერთ მონაკვეთზე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, გაკეთდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ეზოში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 573 700 ლარია. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0