ჭიათურის მერმა მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

23/12/2017

საქართველოს მედიცინის მუშაკის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მედმუშაკთა პროფკავშირის საქალაქო კომიტეტმა ღონისძიება მოაწყო და წლის საუკეთესო ექიმები დააჯილდოვა. მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები წლის 12 დამსახურებულ ექიმს, ჭიათურის მედმუშაკთა პროფკავშირის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ ნათელა მოდებაძემ გადასცა. მედიკოსებთან შეხვედრას, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრში გაიმართა, ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე დაესწრო. ქალაქის მერმა მედიკოსებს თავიანთი საქმიანობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიული დღესასწაული, ასევე დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

” მადლობა იმისათვის,თითოეული ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე რომ დგახართ მუდამ და მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებთ თქვენს მოვალეობას.მადლობა, ღირსეულად რომ აგრძელებთ იმ სახელოვანი მედიკოსების ტრადიციას,რომლებითაც ჭიათურა ყოველთვის ამაყობდა”-განაცხადა პაატა ნადირაძემ. საქართველოს მედიცინის მუშაკთა დღე ყოველწლიურად 23 დეკემბერს აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0