ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სია ბანკებს უკვე გადაეგზავნათ

04/02/2017

თბილისის მერია აქტურადაა ჩართული, რათა კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს, ასევე „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის მეშვეობით, ბანკებს დაზარალებული ადამიანების სია გუშინ გადაეგზავნათ, რათა ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებმა მათ გარკვეული შეღავათები გაუკეთონ.

„მერის მოადგილე, რაიონის გამგებელი, შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართულები, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ მათ, დავეხმაროთ თითონ ადამინისტრაციას, რათა დროულად გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია. ანუ პირველ რიგში, ჯერ კიდევ გამოსატანი საქონლის გამოტანა და მეპატრონეებისთვის დაბრუნება – ეს არის უმთავრესი ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ საბანკო დაწესებულებებთან ვმუშაობთ, ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის მეშვეობით გუშინ დაზარალებული ადამიანების სია უკვე გადაეგზავნათ რათა ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა მათ გარკვეული შეღავათები გაუკეთონ“, – განაცხადა ნარმანიამ.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართეს. ამ დროისთვის კი მათ ყოფილი პრემიერი-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები კომპენსაციებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0