ხანძრის ჩასაქრობად ყველა რესურსია მობილიზებული

22/08/2017

„ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. იქიდან გამომდინარე, რომ ქარია, ხანძარი საკმაოდ დიდ არეალზეა გავრცელებული. თუმცა, რესურსი მობილიზებულია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა და არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანი იყო პროცესში პრემიერ მინისტრის უშუალო, დროული ჩართულობა. ირაკლი კობახიძემ მეგობარ ქვეყნებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კლიმატური პირობებიც შეუწყობს ხელს. „მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია რაც შეიძლება მალე მოხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ მინისტრის დროული, უშუალო ჩართვა ამ პროცესში. ყველა რესურსია დღეს მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. იმედი გვაქვს, რომ კლიმატური პირობებიც შეგვიწყობს ხელს და საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება მალე იქნება ლიკვიდირებული სტიქია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებოდ შექმნილი შტაბი, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, ბორჯომში, სტიქიის ზონაში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ადგილზე რჩებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0