ხარაგაულელმა ფერმერებმა რაჭაში მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერეს

03/10/2017

მეხუთე წელია ონის რაიონის სოფელ შარდომეთში შვეიცარიულ – ქართული მესაქონლეობის ფერმა ფუნქციონირებს. კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში. პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებასა და ჩვენი რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას. აღსანიშნავია, რომ ფერმაში 31-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. კომპანიას ჰყავს კონტრაქტორი ფერმერები და ჯამურად 300 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს ფლობს. ფერმაში ამ ეტაპზე 730 სული პირუტყვია.
აღნიშნულ კომპანიას, 29 სექტემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებითა (უფროსი ბონდო კიკნაველიძე) და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხარაგაულელი ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესტუმრნენ. რაჭაში ზემოაღნიშნული ვიზიტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველოს“ ექიმ-ვეტერინარის, შავლეგ ხარშილაძის ინფორმაციით, კომპანიაში ამ ეტაპზე ორი ჯიშის, შვიცებისა და სიმენტალის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. „ძირითადად ვეწევით ხორცის წარმოებას, რომლის რეალიზაციაც მხოლოდ ჩვენს მაღაზიაში კეთდება. ხორცის დამუშავება ხდება ადგილზე კომპანიის საკუთრებაში არსებულ სასაკლაოზე. სანაშენე საქმიანობა ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ხორციელდება რაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბონდო კიკნაველიძე, ვიზიტის მთავარ მიზნად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარებას მიიჩნევს. „ფერმერებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ თუ როგორ განვითარდა მეცხოველეობა სხვა რეგიონებში. ხარაგაულში ამ დარგის აღორძინების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია სათიბ-საძოვრების უქონლობა. თუმცა დაინტერესების შემთხვევაში ამის მოგვარებაც შეიძლება. კარგია თუ ფერმერები პირუტყვთა ხელოვნურ განაყოფიერებას მოახდენენ, რომლის საშუალებაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე არის. ხელოვნური განაყოფიერება კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს პირუტყვთა ჯიშობრივ გაუმჯობესებას“- აღნიშნავს, ჩვენთან საუბარში, ბონდო კიკნაველიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0