ხარაგაულის გამგებელმა მაქათუბნის და ვაშლევის გზები მოინახულა

05/09/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან, ხათუნა ჯობაძესთან ერთად, მაქათუბნის და ვაშლევის გზების დასრულებული პროექტები მოინახულა.
მაქათუბნის ცენტრალური გზა იმ პროექტთა შორის ერთ-ერთია, რომლის რეაბილიტაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და სულ მალე სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით შეეძლება გადაადგილება. პროექტის ფარგლებში, მაქათუბანში გზა ორ ნაწილად გაკეთდა. ბეტონის საფარი დაიგო სოფლის ცენტრალური გზის 2 000 მეტრიან მონაკვეთზე, ხოლო გამცემლიძეების უბანში 650მ სიგრძის გზა კეთილმოეწყო. სოფელ ვაშლევში კი, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტაძართან მისასვლელ გზას (880მ.)
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დავითი“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 422 988 ლარით დაფინანსდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ვაშლევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რაც შეეხება მაქათუბანს, სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დამთავრდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალ წლებში მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და გზა ყველა სოფელში შევა. პირველ ეტაპზე კი იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს მიენიჭება პრიორიტეტი, სადაც კომპაქტური დასახლებებია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0