ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 6,5 მილიონი ლარით დაფინანსდა

27/10/2017

2017 წელს ინფრატრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 6,5 მილიონი ლარით დაფინანსდა. თანხის ძირითადი ნაწილი სოფლებში ცენტრალური გზების რებილიტაციისთვის გამოიყო. აშენდა ერთი სკოლამდელი დაწესებულება სოფელ ნადაბურში. დაიგო 45 467 მეტრი გზა 26 სოფელში.
ბეტონის საფარის დაგება დასრულდა მაქათუბნის, ვაშლევის, ღარიხევის, ნებოძირის, ლაშის იგორეთის, წაქვას, ხიდრის, ვარძიის, ვერტყვილის, ფარცხნალისა და საქარიქედის სასოფლო გზებზე.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია ვანის, ჩხერის, ქვების, ვახანის, ლეღვანის, ჩრდილის, კიცხის, ღვერკის, ხემაღალის, ლახუნდარის, ლაშის, ხონის და ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზებზე.
180 000 ლარით დაფინანსდა ასევე დაბა ხარაგაულის ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიწმინდა რახიელას ღელე და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია, რომ წელს, მთის განვითარების ფონდიდან, რომლის წევრიც გახლავთ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ორი სოფლის გზის მშენებლობა დაფინანსდა. გამოიყო 405 339 ლარი. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლათუბანში გზის მშენებლობა უკვე დასრულებულია, იწყება წიფაში ბეტონის საფარის მოწყობა, რომელიც მიმდინარე წელსვე დასრულდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა გამოყოფილი თანხები ეფექტიურად აითვისა და ინფრასტრუქტურული პროექტები ხარაგაულში ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
წელსვე ხარაგაულს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სტიქიის ფონდიდან 700 000 ლარი გამოეყო, რომლის ფარგლებშიც, ამჟამად, გაზაფხულზე მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული სახლებისა და გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გასული დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექით მიყენებული ზარალი დათვლილია და მოთხოვნა გადაგზავნილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0