ხარაგაულის რაიონის სოფელ დიდვაკეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

16/03/2017

სოფელ დიდვაკეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენი“ ასრულებს.
სოფლის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მხარეები სოფელ დიდვაკის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მათ შეხედულებებს გაეცნენ. ხარაგაულის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის განმარტებით, სოფელ დიდვაკეში გზის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები ორმა ოჯახმა გამოთქვა. ისინი მეწყერის საშიშროებაზე საუბრობენ და, დაუყოვნებლივ, ზომების მიღებას ითხოვენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მეწყერსაშიშ ზონებში დამცავი კედლები აშენდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და გაბიონები, რის შემდეგაც ასფალტ-ბეტონის საფარის დაიგება.
სოფელ დიდვაკის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (837მ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ოქტომბერში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 915 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0