ხაშურის მეექვსე და ქვიშხეთის საბავშვო ბაღები, საძინებლისთვის განკუთვნილი ტექსტილით და საბავშვო თეთრეულით აღიჭურვა

09/10/2017

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ ხაშურის მეექვსე და ქვიშხეთის საბავშვო ბაღები, საძინებლისთვის განკუთვნილი ტექსტილით და საბავშვო თეთრეულით აღჭურვა. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ბაღებში ავეჯის და ელექტრო ტექნიკის შეტანა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით განხორციელდა ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, #6 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. # 6 საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და ავარიული მდგომარეობის გამო, წლების განმავლობაში, თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებდა. ამჯერად კი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საბავშვო ბაღში, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა-განათლებისთვის საჭირო, ყველა პირობა იქნება გათვალისწინებული.
ასევე, თანადაფინანსებით განხორციელდა სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა.
ქვიშხეთში, რომელიც მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია, 20 წელზე მეტია, რაც საბავშვო ბაღი არ ყოფილა და ბოლო წლებში მხოლოდ ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებდა, ამიტომ ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აგებული საბავშვო ბაღი ქვიშხეთელი პატარებისთვის მნიშვნელოვანი საჩუქარი იქნება.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების “ ხელმძღვანელის განცხადებით, ქვიშხეთის და მეექვსე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სააღმზრდელო დაწესებულებებით სარგებლობას ოქტომბრის ბოლოსთვის შეძლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0