სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეს, 24 იანვარს, აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან. წინასწარ შემუშავებული განრიგის მიხედვით, დღეს შეხვედრები გაიმართა ცხრამუხაში, ურთხვაში, ზეკოტასა და ბიჯნისში.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდება და ეს მისასალმებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ თქვენ-მოსახლეობა, უშუალოდ ხართ პროცესებში ჩართულები და საზღვრავთ პრიორიტეტებს. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც, ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ.“-აღნიშნა ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში შეკრებილ მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.
გამოიკვეთა პრიორიტეტებიც. ცხრამუხის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში სოფლის სკვერში განათების, ატრაქციონების და დასასვენებელი სკამების რეაბილიტაცია მოხდება, შემოიღობება სტადიონი.
სოფელ რბონასა და დამჩხეულაში მოეწყობა გარე განათების ქსელი.
სოფელ თაგვეთში გარე განათების ქსელის დასრულებასთან ერთად მოხდება დაკიდული ტიპის ხიდის მავთულბადის შეცვლა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ძალებით გადაჭრის სხვა მნიშვნელოვან პრობლემებსაც: რბონაში და დამჩხეულაში მოიხრეშება შიდა გზები, თაგვეთში მოეწყობა სანიაღვრე არხები.
სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: ურთხვაში, ზეკოტასა და ბიჯნისში პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების მოხრეშვა, ზეკოტაში ასევე მოეწყობა მოსაცდელი, ხოლო ბიჯნისში მოხდება არსებული ხიდის რეაბილიტაციაც.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი დეპუტატები.
პროცედურის თანახმად, სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.