ხაშურის მუნიციპალიტეტში ქალის მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ლექცია ჩატარდა

04/12/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ქალის მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ლექცია ჩატარდა. ლექციაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო სუხიაშვილმა განიხილა ცნობილი ავღანური წარმოშობის მწერლის ხალიდ ჰოსეინის ნაწარმოები „ათასი მოელვარე მზე“, რომელიც ქალის უფლებებზეა დაწერილი. გაიმართა დისკუსია. მსმენელებმა იმსჯელეს ქალის უფლებების რეალიზაციის ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორების, შევიწროების სხვადასხვა ფორმების, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და მათი დაძლევის გზების შესახებ. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. 2019 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0