ხაშურში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

09/04/2019

9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს, სწორედ ამიტომ ეს დღე არამხოლოდ გლოვის დღეა, არამედ მადლიერების დღეც-აღნიშნეს ხაშურში 9აპრილის მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოების წევრებმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა ტრაგიკულად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. აღევლინა 9 აპრილს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, გაიმართა მცირე კონცერტი.
მოსახლეობასთან ერთად, ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა კი სიმბოლური , წითელი ტიტებით პატივი მიაგეს გმირ თანატოლთა სულებს.
კამპანიის „მადლობა თავისუფლებისთვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთულეს გზაზე და 9 აპრილის მოვლენებზე დეტალურად იმსჯელეს. გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენაც.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური, ა(ა)იპ კულტურის ცენტრების გაერთიანება და ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0