ხელისუფლებამ უარი თქვა, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები ბოლომდე დარჩენილიყვნენ პოსტებზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენ შევთავაზეთ ”ქართულ ოცნებას”, „რესპუბლიკელი“ მინისტრები ბოლომდე დარჩენილიყვნენ პოსტებზე, თუმცა ხელისუფლებამ უარი თქვა, – ამის შესახებ ”დავით უსუფაშვილი – რესპუბლიკელების” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

”ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ, რომ თან კოალიციურ ვალდებულებს ვასრულებთ და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებით. როგორ და ასე – პოლიტიკა არ არის კერძო, პერსონალური ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური, ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას, მათ შორის მთავრობაშიც. თუ ჩვენ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როცა მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს ”ქართული ოცნებიდან”. ვიყავით თანახმა, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობეზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას. ”ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა, მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ”რესპუბლიკური პარტიის” მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ყველა რესპუბლიკელს მიმართა, დატოვონ პარტია უახლოესი ორი დღის განმავლობაში, თუკი ამას გეგმავენ.

”ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ მივმართავთ ყველა რესპუბლიკელს, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად. გააკეთოს არჩევანი უახლოესი ორი დღეში, რადგან ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა მოტივებს. ეს იქნება ღირებულებითი, ყოფითი და პერსონალური მოძრაობა, არჩევანი უნდა გაკეთდეს, ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Visited 111 times, 1 visit(s) today