ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოს და ქ.ცაგერის მოსახლეობას შეხვდნენ

11/11/2019

ღია შეხვედრების ფარგლებში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოს და ქ.ცაგერის მოსახლეობას შეხვდნენ და ამ ფორმატის ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრები გამართეს. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო, აგრეთვე მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა რთველთან დაკავშირებული პროცესების, დაგეგმილი პროექტების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში ვასრულებთ ღია შეხვედრების ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათ გავაცანით საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით, ისე როგორც არასდროს,რეგიონებს აქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა და ეს იგრძნობა ყველა მიმართულებით. შეხვედრაზე გამოიკვეთა ჯანდაცვის და ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხები, სოფლის ექიმი და ექთანი შესაბამისად ვერ ემსახურება პაციენტებს, ჩვენ ამაზე გვექნება დროული რეაგირება. ძალიან პოზიტიურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებმა, ხალხის განწყობა არის დადებითი იმ სიახლეების მიმართ რასაც ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს“-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

რწმუნებულმა ახლახან დაანონსებული წყალტუბოს განვითარების შესახებ აღნიშნა, რომ ცაგერის მაცხოვრებელთათვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია, აგრეთვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც მოსახლეობასთან ისუბრა:

“არ შეიძლება ასევე არ გამოვეხმაუროთ ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ინიციატივას უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით.წარმოუდგენელი მასშტაბის ქველმოქმედება ხორციელდება, ქველმოქმედება,რომელიც ყველაზე დიდ სიკეთეს ახალგაზრდების, მომავალი თაობის განათლების დონის ამაღლებას ემსახურება, განათლებული საზოგადოება არის ყველაზე უსაფრთხო და გარანტი იმისა,რომ აუცილებლად იქნება დაცული ადამიანის უფლებები,აუცილებლად განვითარდება საზოგადოება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ,რომ მივიღოთ ისეთი ქვეყანა სადაც ადამიანი იგრძნობს თავს ლაღად,თავისუფლად,დაცულად. შრომა და სწავლა იქნება ღირებული და დაფასებული”- განაცხადა ჯაფარიძემ.

საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელს და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0