ხელმისაწვდომი და სოციალური საცხოვრისი: საქართველოში არსებული სიტუაცია და საერთაშორისო გამოცდილება

30/01/2018

სტატია შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ. დოკუმენტი არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

საცხოვრისის ხელმისაწვდომობა მიმდინარე მწვავე გლობალური გამოწვევაა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა (რომელიც ნაწილობრივ ე.წ. „უძრავი ქონების ბუშტის“ (Housing Bubble) მიერ იყო გამოწვული – საცხოვრისის გაძვირებით, რასაც ფასების სწრაფი ვარდნა მოჰყვა) საბინაო ბაზრის რეგულირების, არსებული საბინაო ფონდის შენარჩუნების, განვითარებისა, მდგრადობისა და ხელმისაწვდომობის თემები დღის წესრიგში დააყენა.
ხელმისაწვდომი საცხოვრისის სხვადასხვა განმარტება არსებობს, თუმცა ზოგადად შეიძლება აღინიშნოს, რომ ეს არის საცხოვრისი რომელიც ხელმისაწვდომია დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების საცხოვრისისა და ურბანული განვითარების დეპარტამენტის მიხედვით, ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ შემოსავლის 30%-ის გადახდას საცხოვრისისათვის და აღნიშნულის გამო სიძნელეები ექმნებათ საკვების, ტანსაცმლის, ტრანსპორტისა და სამედიცინო ხარჯების გაწევაში, საჭიროებენ ხელმისაწვდომ საცხოვრისს.“ საცხოვრისის ხელმისაწვდომობა ქალაქდაგეგმარებისა და სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. საცხოვრისის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც ქირით, ისევე ბინის შეძენისთვის შეღავათიანი ფასების გარანტირებით, ხელს უწყობს სიღარიბის დეკონცენტრაციასა და შერეული შემოსავლის უბნების შექმნას, რაც თავის მხრივ, არის სოციალური მობილურობისა და შინამეურნეობების ეკონომიკურ წინსვლის საწინდარი.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია ხელმისაწვდომ საცხოვრისსა და სოციალურ საცხოვრისს განასხვავებს: „ხელმისაწვდომია საცხოვრისი, როდესაც დანახარჯი სათანადო საცხოვრისზე შინამეურნეობას საკმარის შემოსავალს უტოვებს, რომ დაფაროს სხვა პირველადი ხარჯები; ხოლო სოციალური საცხოვრისი მოიცავს გაქირავებულ საცხოვრისს [სოციალურად მოწყვლადი თემისათვის]“. აღნიშნული დეფინიციის მიხედვით, საცხოვრისისათვის ყოველთვიური ხარჯის გაღების შემდეგ შინამეურნეობას საკმარისი თანხა უნდა რჩებოდეს აუცილებელი საბაზისო ხარჯების დასაფარად.
საცხოვრისზე უფლება გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიერ აღიარებულია ადამიანის უფლებად. დეკლარაციის 25-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში“. შესაბამისად, ამავე უფლებიდან გამომდინარეობს საცხოვრისის ხელმისაწვდომობის პრინციპი, რადგან მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, ადამიანის უფლებაა სათანადო საცხოვრებელში ცხოვრება. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი მე-11 მუხლის 1 პუნქტის თანახმად უზრუნველყოფს “თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას“.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ბოლო რედაქციაში შევიდა მუხლი ღირსეული საცხოვრებლის შესახებ. აქვე ჩნდება კითხვა, რა ტიპის ვალდებულებებს იწვევს ღირსეული და სათანადო საცხოვრისის უზრუნველყოფა და რა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოდელები არსებობს აღნიშნული პირობის მისაღწევად? ამ მხრივ, საინტერესოა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და არსებული ადგილობრივი გამოცდილების შეჯერება.
გერმანია
გერმანიაში საბინაო პოლიტიკა ნაწილდება ფედერალურ, რეგიონალურ (მიწების) და ადგილობრივ (მუნიციპალიტეტების) დონეზე. 2006 წლიდან, სოციალური საცხოვრისზე ძირითადი პასუხისმგებლებობა რეგიონებს (მიწებს) ევალებათ. გერმანიაში საცხოვრისის მხრივ სახელმწიფო დახმარების აღსანიშნავად უპირატესობა ენიჭება ცნებას „სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული საცხოვრისი“ ან „საცხოვრისით მხარდაჭერა“, ვიდრე „ხელმისაწვდომ“ ან „სოციალურ საცხოვისს“. გერმანიის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს დაქირავებულ საცხოვრისში. შესაბამისად, საცხოვრისის დაქირავების ტრადიცია აპრობირებულია, რაც გამოწვეულია სამუშაო ასაკის პირთა მზარდი მობილურობით და ცხოვრების წესით, რომელიც მობილობასა და საცხოვრებელი ადგილის ხშირ შეცვლას მოიცავს. 2010 წლისათვის სოციალური საცხოვრისი გერმანიის საბინაო ფონდის 5%-ს მოიცავდა. სოციალური საცხოვრისის დაფინანსებისათვის ინიციატივები გერმანიაში არის: სახელმწიფო სუბსიდიები, გრანტები ან საგადასახადო შეღავათები ქირის დასაფარად. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საცხოვრისის შეღავათიანი გამოყენების ვადა გადის, შესაძლებელია მისი საქირაო ბაზარში ჩართვა. მუნიციპალური საბინაო კომპანიები ცდილობენ უზრუნველყონ ხელმისაწვდომი საცხოვრისი დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობებისათვის. გარდა ამისა, სოციალურად მოწყვლადი პირებისათვის გაიცემა სპეციალური სუბსიდიები. 2015 წელს ხელმისაწვდომი საცხოვრისისა და მშენებლობის ალიანსმა, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს, შეიმუშავა მშენებლობისა და ენერგოეფექტურობის წამახალისებელი რეკომენდაციები. რეკომენდაციების საფუძელზე შეიქმნა 10 პუნქტიანი სამოქმედო პროგრამა, რომლის მიზანია ხელმისაწვდომი რეზიდენტული მშენებლობის მშენებლობის წახალისება. რეკომენდაციის დოკუმენტი მოიცავს შენობების ენერგოეფექტური სანაციის შესახებ ინფორმაციას და სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ მოხდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის მშენებლობისათვის ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება.

იტალია
იტალიაში ხელმისაწვდომი საცხოვრისი მოისაზრება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთათვისაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა საბინაო და ქირის ბაზარში ჩართვა, მაგრამ რომელთაც აქვთ შესაძლებლობა დაფარონ სახელმწიფოს ან საცხოვრისის კერძო პროვაიდერის მიერ დაწესებული სუბსიდირებული ქირის ან შეღავათიანი ბინის შესყიდვის ფასი.

საჯარო რეზიდენტული შენობების სექტორი (ERP), “სახელმწიფო საცხოვრისი” კი გამიზნულია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და დამატებით თანადაფინანსებას არ მოითხოვს. გარდა ამისა, ფუნქციონირებს „თავისუფალი“ საბინაო პროგრამა, რომელიც თავისუფალი საბაზრო პირობებით ხორციელდება და ფინანსდება საბინაო ბაზრის კერძო მონაწილეთა მიერ. საცხოვრისი ასევე უზრუნველყოფილია საჯარო და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის ინვესტიციებით, უძრავი ქონების სპეციალური ფონდების მეშვეობით, რომლებიც განკუთვნილია მათთვის, ვისი მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო საცხოვრისის (ERP) ან კერძო ინიციატივების ფარგლებში. ამ სეგმენტს იტალიაში სოციალური შენობები ქვია (ERS) და შესაბამისი პროგრამა შეიძლება ჩაითვალოს როგორც სოციალური საცხოვრისი.

ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის დეკრეტის თანახმად, სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს შეუძლიათ გახდნენ ბინათმესაკუთრეები 7 წლის ვადაში. მსგავსი ტიპის გარიგება არის „ქირა ყიდვისათვის“ (rent to buy) მიდგომა. საცხოვრისი, რომელიც ამ სქემით გადავა კერძო საკუთრებაში, დეკრეტის თანახმად სოციალური საცხოვრისია. აღნიშნული პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა რომ სოციალური საცხოვრისი შინამეურნეობის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი იყოს. ბენეფიციარს უფლება არ აქვს ბინა გაყიდოს სესხის დაფარვის პროგრამაში ჩართვის ნების გამოხატვიდან 5 წლის განმავლობაში.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2Guwc9i

Tweet about this on TwitterShare on Facebook0