ხვალ ხაშურის აგრარული ბაზარი გაიხსნება

05/05/2020

ხვალ ხაშურის აგრარული ბაზარი გაიხსნება. სავაჭრო დაწესებულება შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ბაზრის ტერიტორიაზე სრულადაა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები. შესაბამისად, მოვაჭრეები საქმიანობის განახლებას რეგულაციების სრული დაცვით შეძლებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ინტენსიურად ჩატარდება სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია. მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით შეძლებენ. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0