ხვალ, 26 სექტემებრს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

25/09/2017

ხვალ, 26 სექტემებრს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს.
კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დაიგეგმა სამშაბათს, 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 24 სექტემბერს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.
„გუშინ 14:00 საათზე გაიგზავნა ჩვენგან შეტყობინება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ვადის ათვლა იწყება სწორედ მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან, აქედან გამომდინარე ჩვენ 48 საათის განმავლობაში უფლებამოსილი ვართ შევიკრიბოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ხვალ 14 საათიდან დავიწყოთ პლენარული სხდომა, შესაბამისად ჩვენ შევუდგებით საკონსტიტუციო პაკეტის განხილვას“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხვალ 14:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დააანონსა.
ამის შემდეგ ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებისა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადებზე იმსჯელა. მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ასევე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტი, კანონპროექტები „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება და სხვა კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტის კომიტეტებში გადანაწილდა განსახილველად.
ბიურომ განიხილა საორგანიზაციო საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0