ხულოში ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა

01/02/2018

ხულოში ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.30-1.50 მ-ს, ხოლო დაბლობში 70-80 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით გადაადგილება შესაძლებელია. მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 15 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბის წევრები და ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისების“ თანამშრომლები.
შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა აქტიურად მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებები აღმოიფხვრება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო საჯარო სკოლასების უმეტესობასა და საბავშვო ბაღებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0